დონალდ ტრამპი - ირანი გამდიდრებული ურანის მარაგის გაზრდით ცეცხლს ეთამაშება
ირანი გამდიდრებული ურანის მარაგის გაზრდით ცეცხლს ეთამაშება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, აქვს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტს გზავნილი ირანისთვის.
„არანაირი გზავნილი ირანისთვის. მათ იციან, რას აკეთებენ. იციან, რას ეთამაშებიან და მე ვფიქრობ, რომ ისინი ცეცხლს ეთამაშებიან. ირანისთვის არანაირი გზავნილი არ მაქვს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მანამდე, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ ირანზე მაქსიმალურ ზეწოლას გააგრძელებს, ვიდრე მის ლიდერებს კურსს არ შეაცვლევინებს.
პირველ ივლისს ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ირანში გამდიდრებული ურანის მარაგმა ბირთვული შეთანხმებით დაშვებულ რაოდენობას გადააჭარბა. ამგვარად, 3,67 პროცენტამდე გამდიდრებული ურანის რაოდენობამ ირანში 300 კილოგრამს გადააჭარბა. სწორედ 300 კილოგრამიანი ზღვარი იყო დაწესებული ირანსა და საერთაშორისო ექვსეულს შორის მიღწეული ბირთვული შეთანხმებით.
მაისში ირანმა განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილის შესრულებას წყვეტს.
მანამდე, ერთი წლით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა.