დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.
„ვისურვებდით, გვენახა, შევძლებთ თუ არა, წლის ბოლომდე ამის გაკეთებას, ვფიქრობთ, ჩვენ ძალიან მალე ძალიან კარგი შედეგები გვექნება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა, კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ოპერაციის (Wrap Speed) შესახებ ისაუბრა და მისი ხელმძღვანელები წარადგინა. კერძოდ, პროექტს უხელმძღვანელებენ ფარმაცევტული კომპანიის GlaxoSmithKline-ის ყოფილი წარმომადგენელი მონსეფ სლაოუი და არმიის გენერალი გუსტავ პერნა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ოპერაციის მიზანია ვაქცინის რაც შეიძლება მალე წარმოება და მიწოდება.
„მისი მიზანია შემუშავების დასრულება, შემდეგ, კორონავირუსის საწინააღმდეგო შემოწმებული ვაქცინის რაც შეიძლება მალე წარმოება და გავრცელება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ის სარისკოა. ის ძვირია, თუმცა ჩვენ დავზოგავთ უამრავ დროს. თუ ამას სწორად გავაკეთებთ, ჩვენ წლებს დავზოგავთ ჩვეულებრივ ფარმაცევტული კომპანიები ელოდებიან ვაქცინის წარმოებას მარეგულირებლის მხრიდან დამტკიცებამდე. ამან შესაძლოა, ვაქცინის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა სულ მცირე ერთი წლით გადაავადოს. ჩვენი ამოცანა იმდენად სასწრაფოა, რომ ოპერაცია Warp Speed-ის ფარგლებში ფედერალური მთავრობა ყველა წამყვანი შესაძლო ვაქცინის წარმოებაში ჩადებს ინვესტიციებს მათ დამტკიცებამდე, ასე რომ ჩვენ გვეცოდინება ზუსტად, რაც ვაკეთებთ მათ დამტკიცებამდე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის ლიდერის თქმით, ოპერაციის მიზანი უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ ვაქცინის წარმოება.
„დამატებით, ოპერაცია გააგრძელებს დიაგნოსტიკისა და ეფექტიანი თერაპიის შემუშავების დაჩქარებას. უდიდესი ეროვნული პროექტი გააერთიანებს ამერიკული ინდუსტრიისა და ინოვაციების საუკეთესო ნაწილს, აშშ-ის მთავრობის სრულ რესურსებს, აშშ-ის არმიის უპირატესობასა და სიზუსტეს“, – აღნიშნა ტრამპმა.