დონალდ ტრამპი იმ ფეხბურთელების დასჯას ითხოვს, ვინც ჰიმნის შესრულებისას ცალ მუხლზე იჩოქებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისევ წამოწია წინ ამერიკული ფეხბურთის ლიგის (NFL) მოთამაშეების თემა, რომლებიც აშშ-ის ჰიმნის დროს, პროტესტის ნიშნად, ცალ მუხლზე იჩოქებენ.
ტრამპმა ლიგის ხელმძღვანელობას ამ ფეხბურთელების დისკვალიფიკაციისკენ მოუწოდა.
„ვერ ვიჯერებ, რომ ისევ გრძელდება დებატები NFL-ის მატჩებზე აშშ-ის ჰიმნთან დაკავშირებით. ნუთუ, კონტრაქტში გარკვევით არ წერია, რომ მოთამაშეები ჰიმნის დროს წელში გამართულნი უნდა იდგნენ და გულზე ხელი ჰქონდეთ დადებული? NFL-ის კომისარმა, რომელიც 40 მილიონს გამოიმუშავებს, განცხადება უნდა გააკეთოს: პირველ ჯერზე დადგები მუხლზე – ერთ მატჩს გამოტოვებ, მეორე ჯერზე – მთელს სეზონს და ხელფასს არ მიიღებ“, – დაწერა ტრამპმა „ტვიტერზე“.
ამერიკული ფეხბურთის ლიგის ზოგიერთი მოთამაშე ეროვნული ჰიმნის შესრულებისას, ცალ მუხლზე დგება და ამგვარად გამოხატავს პროტესტს აშშ-ში შავკანიანების შევიწროების წინააღმდეგ.