დონალდ ტრამპი - იცით, რამდენჯერ უპასუხა ექიმმა ენტონი ფაუჩიმ „ჰიდროქსიქლოროქინზე“ კითხვას? ალბათ 15-ჯერ [ვიდეო]
აშშ-ის პრეზიდენტმა კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის პრესკონფერენციაზე ქვეყნის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის დირექტორს, ექიმ ენტონი ფაუჩის შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ აცადა.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ შეაფასა დადებითად კორონავირუსის მკურნალობისთვის მედიკამენტ „ჰიდროქსიქლოროქინის“ გამოყენება.
ერთ-ერთმა რეპორტიორმა კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის წევრს, ექიმ ენტონი ფაუჩის ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა ის აღნიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებით, რა დროსაც პრეზიდენტმა შეაწყვეტინა და ექსპერტს საუბრის დაწყების საშუალება არ მისცა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ფაჩიმ ამ შეკითხვას უკვე არაერთხელ უპასუხა. „იცით, რამდენჯერ უპასუხა მან ამ შეკითხვას? ალბათ 15 ჯერ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტი მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტის კორონავირუსის წინააღმდეგ გამოყენებას საჯაროდ უჭერს მხარს. მისი მრჩევლები სამედიცინო საკითხებში აღნიშნულ საკითხზე თავშეკავებულები არიან და აღნიშნავენ, რომ არ არსებობს კვლევები, რომლებიც ამ მოსაზრებას მტკიცედ დაადასტურებდა.