დონალდ ტრამპი იარაღის შესახებ კანონის გაუქმებას არ აპირებს 
დონალდ ტრამპი იარაღის შესახებ კანონის გაუქმებას არ აპირებს 

იარაღის დაცვის ეროვნული ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას იარაღის შესახებ კანონი დადებითად შეაფასა. საზოგადოების ნაწილისა და დემოკრატების პროტესტის მიუხედავად, დონალდ ტრამპი აღნიშნული კანონის გაუქმებას არ აპირებს.

„მეორე ჩასწორება ზეწოლის ქვეშ არის, თუმცა ეს ზეწოლა უშედეგოა. ჩვენ არასოდეს გავაუქმებთ ამ კანონს“, – განაცხადა ტრამპმა.

14 თებერვალს პარკლენდის სკოლაში განხორციელებული მასობრივი ხოცვის შემდეგ, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

აქტივისტები და დაღუპული მოსწავლეების მშობლები იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებას ითხოვენ. მათ მხარს უჭერს დემოკრატიული პარტიის დიდი ნაწილი.

1787 წელს დაწერილ ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში ჩასწორება სულ 23-ჯერ გაკეთდა, რიგით მეორე ჩასწორება კი თანამედროვე ამერიკაში დღეს ყველაზე სადავო საკითხს წარმოადგენს.

1791 წლის 15 დეკემბერს კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ აშშ-ის მოქალაქეებს აქვთ უფლება თავდაცვის მიზნით შეიძინონ და შეინახონ ცეცხლსასროლი იარაღი.

აშშ-ის იარაღის დაცვის ეროვნული ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია დალასში გაიმართა.