დონალდ ტრამპი - „ჰამასის“ თავდასხმები სირცხვილია, სამწუხაროდ, ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა ხელი შეუწყვეს ამ თავდასხმების დაფინანსებას
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შედეგად, „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმას ამერიკელი გადასახადის გადამხდელები აფინანსებენ. ამის შესახებ ტრამპმა Truth Social-ზე, სოციალურ მედიაპლატფორმაზე დაწერა.
როგორც ამერიკული მედია წერს, ბაიდენის ადმინისტრაციამ 2021 წელს აღუდგინა პალესტინას დახმარება და იმ დროისთვის 235 მილიონი დოლარი გამოუყო, იმის მიუხედავად, რომ კრიტიკოსებმა დახმარების განახლების შედეგად „ჰამასის“ ოპერაციების გაძლიერების შესახებ გააფრთხილეს. მედიის ცნობით, ტრამპი ბაიდენის ადმინისტრაციის სწორედ ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„„ჰამასის“ ეს თავდასხმები სირცხვილია და ისრაელს აქვს სრული უფლება, დაიცვას საკუთარი თავი დიდი ძალით. სამწუხაროდ, ბაიდენის ადმინისტრაციის ხელით, ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა ხელი შეუწყვეს ამ თავდასხმების დაფინანსებას”, – წერს ტრამპი.