დონალდ ტრამპი გუბერნატორებს მოუწოდებს, მსროლელთა ასოციაციას თამამად დაუპირისპირდნენ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გუბერნატორებს მოუწოდებს, არ მიაქციონ ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების მსროლელთა ასოციაციის პოზიციას და თამამად დაუპირისპირდნენ მათ.
2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს იარაღის ლობი ღიად უჭერდა მხარს ტრამპის კანდიდატურას და ფლორიდის სკოლის სისხლიან ინციდენტამდე არც ტრამპს გამოუთქვამს მათთვის მიუღებელი პოზიცია. აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივა, გამკაცრდეს იარაღის შეძენის წესები, პირველია, რაზეც მსროლელთა ასოციაციასა და ტრამპს შორის უთანხმოებაა.
ტრამპმა გუბერნატორებს განუცხადა, რომ ცოტა ხნის წინ შეხვედრა ჰქონდა იარაღის ლობის წარმომადგენლებთან.
„ნუ იდარდებთ მსროლელთა ასოციაციის გამო. ისინი ჩვენს მხარეს არიან. თქვენს ნაწილს ეშინია მათი, თუმცა არაფერია საშიში და თუ რამეში ვერ ვთანხმდებით, არც მათ წინააღმდეგ წასვლაა დანაშაული. დროდადრო ჩვენ ბრძოლა გვიწევს და ესეც კარგია. ისინი იმას აკეთებენ, რაც სწორად მიაჩნიათ“, – მიმართა გუბერნატორებს ტრამპმა.
ჯერჯერობით, აშშ-ის მსროლელთა ასოციაციაში ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.