აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანიას რუსეთთან დადებული ხელშეკრულებების გამო ბრიუსელში, ნატო-ს სამიტზე აკრიტიკებს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, შეთანხმებები ნავთობსა და გაზზე „ნორმალური“ არ არის. მისი თქმით, გერმანია რუსეთის მძევალია.
„გერმანია მთლიანად კონტროლდება რუსეთის მიერ. გერმანია ენერგიის 60-70 პროცენტს რუსეთიდან და ახალი მილსადენიდან მიიღებს. ეს ნორმალურია? თქვენ მეტყვით, რომ ეს ნორმალურია, ვინაიდან მე ვფიქრობ, რომ ეს ასე არ არის? მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდია ნატო-სთვის და ჩვენ გერმანიას ერთად უნდა დაველაპარაკოთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ და პასუხისმგებლობის თანაბრად გადანაწილებისკენ მოუწოდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბრიუსელიდან იუწყება, სამიტის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიიღო.
დონალდ ტრამპმა და იენს სტოლტენბერგმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს.
სტოლტენბერგმა ამერიკელ სტუმარს კიდევ ერთხელ დაათვალიერებინა ნატო-ს ახალი შენობა. აშშ-ს პრეზიდენტი პირველი ლიდერია, ვისაც სამიტზე ალიანსის გენერალური მდივანი ხვდება.