დონალდ ტრამპი - განვიხილავთ უკრაინისთვის დახმარების სესხის სახით გადაცემას და არა საჩუქრად
განვიხილავთ უკრაინისთვის დახმარების სესხის სახით გადაცემას და არა – საჩუქრად, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, მაიკ ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ახლა ჩვენ ვაგრძელებთ მილიარდობით დოლარის ღირებულების საჩუქრების გაცემას და ამ საკითხს ვიკვლევთ. თუმცა, ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ევროპა უფრო აქტიურად იყოს ჩართული და გასცეს თანხები. მათ უნდა მისცენ რაღაც შესაფერისი, თუ ეს ასე არ მოხდება, ძალიან სამწუხარო იქნება, რადგან ეს მათ უფრო მეტად ეხებათ, ვიდრე ჩვენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის ყოფილა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯონსონი „ძალიან დიდ საქმეს“ აკეთებს ძალიან რთულ პირობებში.
ტრამპმა ისრაელში მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააკრიტიკა.
„ის, რაც 7 ოქტომბრის შემდეგ ხდება ისრაელთან დაკავშირებით, შეიძლება დასრულდეს მსოფლიო ომით. ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ვერ აწყობს ორ წინადადებას; ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ვერ პოულობს კიბეებს სცენიდან; ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელმაც არ იცის, რას აკეთებს და ჩვენ შეიძლება, აღმოვჩნდეთ მსოფლიო ომში. ჩვენ შვიდ თვეზე უფრო ცოტა დრო დაგვრჩა 5 ნოემბრამდე, თუმცა ეს დრო უსასრულოა, როცა ხალხი არაკომპეტენტურია“, – აღნიშნა ტრამპმა.