დონალდ ტრამპი გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და იუსტიციის დეპარტამენტს მიკერძოებაში ადანაშაულებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების სასარგებლოდ მიკერძოებაში ადანაშაულებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა, რომ ფედერალური ბიუროსა და იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და გამომძიებლებმა არჩევნებში რუსეთის მონაწილეობის სავარაუდო საკითხის პოლიტიზება დემოკრატების სასარგებლოდ და რესპუბლიკელების საწინააღმდეგოდ მოახდინეს.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, გამოქვეყნდება რესპუბლიკელების საიდუმლო ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც გამოძიების პირველ ეტაპზე ფედერალურმა ბიურომ შეურაცხმყოფელი ტაქტიკა გამოიყენა.
საიდუმლო მასალების გამოქვეყნებას ეწინააღმდეგება იუსტიციის დეპარტამენტი, სადაც აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას დარტყმას მიაყენებს.