დონალდ ტრამპი - გამოძიების ახალი დეტალები ჩემსა და რუსეთს შორის არავითარ საიდუმლო შეთანხმებას არ ამტკიცებს
დონალდ ტრამპი - გამოძიების ახალი დეტალები ჩემსა და რუსეთს შორის არავითარ საიდუმლო შეთანხმებას არ ამტკიცებს

გამოძიების ახალი დეტალები არავითარ საიდუმლო შეთანხმებას ჩემსა და რუსეთს შორის არ ამტკიცებს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა. პრეზიდენტმა პოსტი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეში ახალი დეტალების გამოაშკარავების საპასუხოდ გამოაქვეყნა.

„რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ კამპანია 2014 წელს დაიწყო, გაცილებით ადრე, ვიდრე მე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადავწყვეტდი. რუსეთთან საიდუმლო შეთანხმება გამოძიების ამ ახალი დეტალებით არ იკვეთება“, – წერს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმის შესახებ გამოძიება 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო. გამოძიებას საგანგებოდ დანიშნული დამოუკიდებელი პროკურორი რობერტ მიულერი 2017 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობს.

გუშინ რუსეთის 13 მოქალაქეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. სამ მათგანს შეთქმულებაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ. კიდევ ხუთს კი, მოქალაქეთა პირადი მონაცემების მითვისებას ედავებიან.

ბრალდებაში დასახელებულია სამი რუსული კომპანიაც. ამ სამ კომპანიას შორის არის ე.წ. ტროლების ქარხანა, რომელიც სანკტ-პეტერბურგში მდებარეობს. ამ კომპანიის მთავარი ამოცანა სოციალურ მედიაში ცრუ ინფორმაციის გავრცელება და ყალბი ანგარიშების რეგისტრირებაა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულები “საინფორმაციო ომს” აწარმოებდნენ აშშ-ის საარჩევნო პროცესის წინააღმდეგ იმ მიზნით, რომ დონალდ ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდნენ.