დონალდ ტრამპი გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრებს მომავალ კვირას თეთრი სახლიდან მიმართავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრებს მომავალ კვირას თეთრი სახლიდან მიმართავს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ თეთრი სახლის აპარატის უფროსმა, მარკ მიდოუსმა განაცხადა.
თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე დონალდ ტრამპი ნიუ იორკში არ გაემგავრება.
გაერო-ს გენერალურ ასამბლეის 75-ე სესიაზე მსოფლიო ლიდერების სიტყვით გამოსვლები 22 სექტემბერს დაიწყება. აშშ ტრადიციულად ბრაზილიის შემდეგ მეორე ქვეყანა, რომელიც ასამბლეის წევრებს მიმართავს.
22 სექტემბერს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიდეომიმართვაც იგეგმება.
კორონავირუსის პანდემიის გამო, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში მაისში გამოვიდა ინიციატივით, რომ ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე შეკრების ნაცვლად, მსოფლიო ლიდერები ვიდეომიმართვებით წარდგნენ.