დონალდ ტრამპი ევროკავშირს ავტომობილების იმპორტზე მაღალი ტარიფების დაწესებით ემუქრება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროკავშირიდან ავტომობილების იმპორტზე მაღალ ტარიფებს დააწესებს, თუ ბრიუსელი სავაჭრო შეთანხმებას არ დათანხმდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა დავოსის დატოვებამდე ტელეკომპანია „სი-ენ-ბი-სი“-სთან განაცხადა, სადაც ის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრებოდა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, მან ეს საკითხი ევროკომისიის ახალ ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას დააყენა.
„მე შევხვდი ევროკომისიის ახალ ხელმძღვანელს, რომელიც შესანიშნავია. მე ძალიან კარგი საუბარი მქონდა. თუმცა ვთქვი, „მისმინე, თუ ჩვენ არ მივიღებთ რამეს, მე მომიწევს ზომების მიღება“ და ეს ზომები იქნება მათ მანქანებზე და სხვა პროდუქციაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდის, ძალიან მაღალი ტარიფების დაწესება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტი ევროკავშირთან ახალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს, რომლითაც ვაშინგტონისთვის უფრო მეტად ხელსაყრელი პირობები იქნება გათვალისწინებული.
„სი-ენ-ბი-სი“-სთან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს მოუწევს სავაჭრო შეთანხმების გაფორმება.
„მათ სხვა არჩევანი არ აქვთ“, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტრამპი ევროკავშირს ავტომობილებზე ტარიფების დაწესებით ემუქრება.
შეგახსენებთ, ურსულა ფონ დერ ლაიენი გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრია. როგორც აშშ-ში გერმანიის ელჩმა ემილი ჰაბერმა განაცხადა, ევროკავშირი ძლიერია ეკონომიკურად ისევე, როგორც აშშ და აშშ-ის დამატებით ტარიფებს იმავე განზომილებით უპასუხებს.
საფრანგეთის ელჩმა ფილი ეტიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირს ვაშინგტონთან დავის დარეგულირების იმედი აქვს, თუმცა აღნიშნა, რომ ერთმანეთისთვის ტარიფების დაწესება ორივე ეკონომიკას დააზარალებს.
„ტარიფების საკითხზე ესკალაცია ჩვენს ინტერესებში არ შედის“, – განაცხადა ფრანგმა დიპლომატმა.