დონალდ ტრამპი - ეს არჩევნები გადაწყვეტს, დავიცავთ ჩვენი ცხოვრების ამერიკულ წესს, თუ მივცემთ ნებას რადიკალურ მოძრაობებს, გაანადგურონ ის
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 3 ნოემბერს დაგეგმილი არჩევნები აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე, თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ყველაფერი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ საფრთხეშია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. აქამდე არასდროს დამდგარან ამომრჩევლები ასეთი მკაფიო არჩევანის წინაშე ორ პარტიას, ორ ხედვას, ორ ფილოსოფიას, ორ დღის წესრიგს შორის. ეს არჩევნები გადაწყვეტს, გადავარჩენთ ჩვენ ამერიკულ ოცნებას, თუ მივცემთ ნებას სოციალისტურ დღის წესრიგს, გაანადგუროს ჩვენი სანუკვარი ბედი. ეს არჩევნები გადაწყვეტს, შევქმნით ჩვენ მილიონობით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს, თუ დავანგრევთ ჩვენს ინდუსტრიას და მილიონობით სამუშაო ადგილს საზღვარგარეთ გავიტანთ, რაც სულელურად კეთდებოდა მრავალი ათწლეულის განმავლობაში. თქვენი ხმა გადაწყვეტს, დავიცავთ ჩვენ კანონმორჩილ ამერიკელებს, თუ სრულ თავისუფლებას მივცემთ მოძალადე ანარქისტებს, აგიტატორებსა და კრიმინალებს, რომლებიც ემუქრებიან ჩვენს მოქალაქეებს. ეს არჩევნები გადაწყვეტს, დავიცავთ ჩვენი ცხოვრების ამერიკულ წესს, თუ მივცემთ ნებას რადიკალურ მოძრაობებს, მთლიანად გაანადგურონ ის, რაც არ მოხდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
სიტყვით გამოსვლისას მოქმედმა პრეზიდენტმა გააკრიტიკა თავისი მეტოქე, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და დემოკრატიული პარტია.
„დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ჯო ბაიდენმა და დემოკრატიულმა პარტიამ არაერთხელ მიიტანეს იერიში ამერიკაზე, როგორც რასობრივი, ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობის ქვეყანაზე. ამგვარად, ამაღამ, მე ძალიან მარტივ კითხვას გისვამთ: როგორ ითხოვს დემოკრატიული პარტია ქვეყნის გაძღოლას, როდესაც ის ამდენ დროს უთმობს ჩვენი ქვეყნის ნგრევას?“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს „სამუშაო ადგილებისა და ამერიკული სიდიადის გამანადგურებელი“ უწოდა.
„47 წლის განმავლობაში ჯო ბაიდენი იღებდა მუშებისგან დონაციებს, ეხუტებოდა და კოცნიდა მათ. ეუბნებოდა, რომ გრძნობდა მათ ტკივილს – შემდეგ კი დაბრუნდა ვაშინგტონში და ხმა მისცა მათი სამუშაო ადგილების ჩინეთში და სხვა შორეულ მიწებზე გადატანას. ჯო ბაიდენმა მთელი თავისი კარიერა დაუთმო ამერიკელი მუშები ოცნებების, სამუშაო ადგილების საზღვარგარეთ გატანას, მათი საზღვრების გახსნას და მათი ვაჟებისა და ქალიშვილების დაუსრულებელ უცხოურ ომებში საბრძოლველად გაგზავნას, ომებში, რომლებიც არასდროს დასრულდა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, ოთხი წლის წინ მან პრეზიდენტად კენჭისყრა გადაწყვიტა, რადგან ქვეყნის ასეთ ღალატს ვეღარ უყურებდა. დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა დემოკრატიული პარტიის საგარეო, სავაჭრო და საიმიგრაციო პოლიტიკა. მისი თქმით, ნატო-ს პარტნიორებმა მისი დაჟინებული მოთხოვნით თავდაცვის ხარჯები გაზარდეს და ეს ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება.
„ნატო-ს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი, რომელიც ნატო-ს ხელმძღვანელობს, გაოცებული იყო, როდესაც ამას ხედავდა ამდენი წლის შემდეგ და თქვა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა ის, რაც ვერავინ შეძლო“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან გააკეთა ის, რასაც ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტი არ ელოდა და არასდროს აპატიებდა მას.
„ისინი გაბრაზებულები არიან ჩემზე, რადგან მოწინავე ადგილას მათი დაყენების ნაცვლად მე ვთქვი – ამერიკა უპირველეს ყოვლისა!“, – აღნიშნა ტრამპმა.
მან ჯო ბაიდენის გეგმას „ყველაზე ექსტრემალური“, უწოდა, რაც კი ოდესმე ჰქონდა პრეზიდენტობის კანდიდატს.
„შესაძლოა, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ის „სინათლის მოკავშირეა“, თუმცა როდესაც საქმე მის დღის წესრიგს ეხება, ბაიდენს სურს, რომ ჩვენ სრულ სიბნელეში ვიყოთ“,- აღნიშნა ტრამპმა.