დონალდ ტრამპი - ექვს იანვარს კაპიტოლიუმთან განვითარებულ მოვლენებთან მე არანაირი კავშირი არ მაქვს
ექვს იანვარს განვითარებულ მოვლენებთან მე არანაირი კავშირი არ მაქვს, იმის გარდა, რომ ამ დღეს მთხოვეს სიტყვით გამოსვლა, გამოვედი სიტყვით და ვთქვი, რომ დიდი აქცია იქნებოდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ტელედებატების დროს განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით ტრამპმა უპასუხა მოდერატორის კითხვას, არის თუ არა რაიმე, რასაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ნანობს 6 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ მაშინ აქცია არა მან, არამედ სხვებმა მოაწყვეს.
ამასთან, ტრამპმა უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებლობა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილ სპიკერს, ნენსი პელოსს და ვაშინგტონის მერს დააკისრა.
„ამას არავინ აშუქებს, რომ მე იმ დღეს გამოსვლისას ვთქვი, რომ აქციის მონაწილეები უნდა წასულიყვნენ კაპიტოლიუმის შენობისკენ მშვიდობიანად და პატრიოტულად. ამ მოვლენების დროს მეორე მხარეს არავინ მოუკლავთ. აქციის მონაწილე ქალს ესროლა პოლიციის ოფიცერმა, რომელიც საკუთარ თავს ვერ აკონტროლებდა. ის არ უნდა მოეკლათ. ეს სამარცხვინოა. მაგრამ ჩვენ, იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც ასე ცუდად ეპყრობოდნენ, არაფერი გაგვიკეთებია. მინდა, დავსვა კითხვა იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან, რომელთაც აქ ჩამოსვლის უფლება ჩემი ოპონენტი აძლევს და მან იცის, რა ცუდი სამუშაო შეასრულა. როდის გაასამართლებენ ამ ჩამოსულ ხალხს? როდის გაასამართლებენ ხალხს, რომელთაც მინეაპოლისი გადაწვეს ან მათ, ვისაც სიეტლის დიდი ნაწილი ჰქონდათ დაკავებული ?! ექვს იანვარს განვითარებულ მოვლენებთან მე არანაირი კავშირი არ მაქვს, იმის გარდა, რომ ამ დღეს მთხოვეს სიტყვით გამოსვლა. მე გამოვედი სიტყვით და ვთქვი, რომ დიდი აქცია იქნებოდა. მე მივედი წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, ნენსი პელოსთან და ვაშინგტონის მერთან და ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა დიდი საპროტესტო აქცია. ეს აქცია მე არ მომიწყვია. ის სხვებმა მოაწყვეს. მე ვუთხარი პელოსს და ვაშინგტონის მერს, რომ მინდა, მოვახდინო 10 000 ეროვნული გვარდიელის მობილიზება. თუმცა, მათ ჩემი შეთავაზება უარყვეს. ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, ნენსი პელოსს და ვაშინგტონის მერს საკუთარი საქმე რომ გაეკეთებინათ. მე არ ვიყავი პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე. ნენსი პელოსი იყო პასუხისმგებელი და მან ეს სამუშაო ვერ შეასრულა“, – განაცხადა ტრამპმა.
დებატების დროს აღნიშნულ საკითხზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, მოქმედმა ვიდე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა კი განაცხადა, რომ 6 იანვარს დონალდ ტრამპმა წაახალისა მოძალადე ბრბო კაპიტოლიუმზე თავდასხმისკენ და ყოფილ პრეზიდენტს სწორედ ამ მიზეზით წაუყენეს ბრალი და გამოუცხადეს იმპიჩმენტი.