დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონის იდეას, ევროპული არმიის შექმნასთან დაკავშირებით აკრიტიკებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის იდეას, ევროპული არმიის შექმნასთან დაკავშირებით აკრიტიკებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ფრანგი კოლეგის განცხადება შეურაცხმყოფელია.
„პრეზიდენტი მაკრონი ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთის და რუსეთისგან დასაცავად ევროპული არმიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. ევროპამ თავდაპირველად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სავალდებულო წილი უნდა აანაზღაუროს”, – დაწერა თეთრი სახლის ლიდერმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამჟამად საფრანგეთში იმყოფება. ის პირველი მსოფლიო ომის დასრულების წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ მასშტაბურ ცერემონიას უნდა დაესწროს. ღონისძიების ფარგლებში, დონალდ ტრამპსა და ემანუელ მაკრონს შორის შეხვედრა ელიეის სასახლეში რამდენიმე წუთში დაიწყება.