დონალდ ტრამპი - ემანუელ მაკრონის განცხადება უპატივცემულობაა, საფრანგეთზე მეტად ნატო არავის სჭირდება
ემანუელ მაკრონის განცხადება უპატივცემულობაა, საფრანგეთზე მეტად ნატო არავის სჭირდება, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ლონდონში ნატო-ს ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე, ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად გამართული შეხვედრის დროს გააკეთა.
„მაკრონის განცხადება არის ხისტი, ეს არ არის სასიამოვნო განცხადება 28 მოკავშირისთვის. საფრანგეთში ეკონომიკური მდგომარეობა სახარბიელო არ არის. ასეთი განცხადების მოსმენა საფრანგეთისგან, სადაც უმუშევრობის მაღალი დონეა და არსებობს უამრავი პრობლემა, არ არის ლამაზი. მაგალითად, შეხედეთ „ყვითელჟილეტიანებს“. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ლიდერისგან მსგავსი განცხადების მოსმენა უპატივცემულობაა. არავის სჭირდება ნატო საფრანგეთზე მეტად. ყველაზე ნაკლებ სარგებელს კი, აშშ იღებს. აშშ იცავს ევროპას, სწორედ ამიტომ საფრანგეთისგან ასეთი განცხადების მოსმენა, თავად საფრანგეთისთვის არის სახიფათო. მაკრონის განცხადება არის უპატივცემულობა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონმა „ეკონომისტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ნატო-ს ტვინი კვდომას განიცდის და ევროკავშირს საკუთარი სამხედრო ძალები უნდა ჰყავდეს“.