დონალდ ტრამპი - დროა, ჯო ბაიდენმა სამარცხვინოდ დატოვოს თანამდებობა იმის გამო, რაც ავღანეთში გააკეთა
„თალიბანის“ მიერ ქაბულის აღების შემდეგ, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს გადადგომისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
დონალდ ტრამპის თქმით, დროა, ჯო ბაიდენმა სამარცხვინოდ დატოვოს თანამდებობა იმის გამო, რაც მან ავღანეთში გააკეთა.
ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ჯო ბაიდენის ქმედება ისტორიაში ამერიკელების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მარცხად შევა.
ტრამპის გარდა, პრეზიდენტი ბაიდენი რესპუბლიკური პარტიის წევრებმაც გააკრიტიკეს. აშშ-ის სენატის რესპუბლიკელთა პარტიის ლიდერის, მიჩ მაკკონელის თქმით, ამერიკის მოქალაქეებისა და დამხმარე პერსონალის ქაოტური ევაკუაცია ამერიკის ხელისუფლების სამარცხვინო წარუმატებლობაზე მიუთითებს. განცხადება გაავრცელა რესპუბლიკური პარტიის წვერმა ლიზ ჩეინიმაც.
მისი თქმით, ავღანეთში არსებული ვითარება ილუსტრაციაა იმის, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც აშშ მსოფლიო პრობლემების გადაჭრას ემიჯნება.
დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი გასულ დღეს დაიკავა და ქვეყანაში „ავღანეთის ისლამური ემირატის“ დაარსების შესახებ განაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ავღანეთი დატოვა. ქაბულიდან მათი დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების და დამხმარე პერსონალის ევაკუაციას ახორციელებს სხვადასხვა ქვეყანაც.
დაჯგუფება „თალიბანმა“ ბრძოლები ჯო ბაიდენის მიერ ქვეყნიდან აშშ-ისა და მოკავშირეების შეიარაღებული ძალების გაყვანის დაანონსების შემდეგ განაახლა. მიუხედავად ჯო ბაიდენის განცხადებისა, რომ თალიბანის მიერ ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების ალბათობა მცირეა, რადიკალურმა დაჯგუფებამ დაახლოებით თვე-ნახევრის განმავლობაში მოახერხა ქვეყნის 80 პროცენტზე კონტროლის დამყარება.