დონალდ ტრამპი - „დიდი შვიდიანის“ შეხვედრას რუსეთიც უნდა დაესწროს
დონალდ ტრამპი - „დიდი შვიდიანის“ შეხვედრას რუსეთიც უნდა დაესწროს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ “დიდი შვიდიანის“ რიგით 44-ე სამიტს რუსეთის წარმომადგენელიც უნდა ესწრებოდეს. მან ეს განცხადება კანადაში გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე გააკეთა.

რუსეთი „დიდი რვიანიდან“ 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო გარიცხეს, რის შემდეგაც ფორმატი „დიდ შვიდიანად“ გადაკეთდა.

კვებეკში ჩანიშნულ სამიტზე დონალდ ტრამპს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მწვავე კამათი ელოდება. მაკრონი არ მალავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან რადიკალურად განსხვავებული ხედვა აქვს იმ სამ საკითხზე, რომელსაც ტრამპი საკუთარ ამომრჩეველს ჯერ კიდევ 2016 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში ჰპირდებოდა. ეს საკითხებია პარიზის შეთანხმება კლიმატური ცვლილებების შესახებ, ირანის ბირთვული შეთანხმება და ამერიკული ალუმინის იმპორტზე გაზრდილი ტარიფები. მაკრონს დანარჩენი ლიდერების მხარდაჭერის იმედი აქვს.

„არც ერთი პოლიტიკოსი არ არის მარადიული, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა და საერთო ღირებულებები გაცილებით მძლავრია, ვიდრე ჩვენ – რიგითი პოლიტიკოსები. დრო გავა, ჩვენ აღარ ვიქნებით, მაგრამ ჩვენმა ქვეყნებმა უნდა შეინარჩუნონ საერთო ხედვა გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა კანადის პრემიერ-მინისტრ, ჯასტინ ტრიუდოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამერიკულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდიანის“ ორდღიან სამიტი შესაძლოა, დროზე ადრე დატოვოს.