დონალდ ტრამპი დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მედიის წარმომადგენლების კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
მისი თქმით, დიდი ოცეულის ლიდერების შეხვედრაზე ის ასევე გეგმავს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან მოლაპარაკებების გამართვას. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი შეხვედრა სი ძინპინთან შესაძლოა, პროდუქტიული აღმოჩნდეს ამერიკულ-ჩინური სავაჭრო ურთიერთობების დაძაბულობის ფონზე.
რაც შეეხება ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობებს დაარეგულირებს.
„არავის არასდროს ჰქონია რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი დამოკიდებულება. ამავე დროს, ჩვენ საბოლოოდ დავალაგებთ რუსეთთან ურთიერთობებს“, – აღნიშნა ტრამპმა.
დიდი ოცეულის სამიტი იაპონიაში, ოსაკაში 28-29 ივნისს გაიმართება.