დონალდ ტრამპი - დიადი ამერიკელი მუშების დასაცავად ხელი მოვაწერე აშშ-ში იმიგრაციის დროებით შეჩერების განკარგულებას
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყანაში იმიგრაციის დროებით შეჩერების შესახებ. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე გააკეთა.
„მე მას ახლახან, ოთახში შემოსვლამდე მოვაწერე ხელი. დიადი ამერიკელი მუშების დასაცავად ხელი მოვაწერე განკარგულებას აშშ-ში იმიგრაციის დროებით შეჩერების შესახებ. ეს უზრუნველყოფს, რომ უმუშევარი ამერიკელები იყვნენ პირველები დასაქმების რიგში, როდესაც ჩვენი ეკონომიკა კვლავ გაიხსნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, საჭიროების შემთხვევაში, იმიგრაციის შეჩერების შესახებ განკარგულების გახანგრძლივება არ გამორიცხა.
როგორც დონალდ ტრამპმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის 60 დღით აჩერებს იმიგრანტების მიღებას. კერძოდ, განკარგულება შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლების, ე.წ. მწვანე ბარათის მოპოვება სურთ. გამონაკლისი დაიშვება სამედიცინო და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროს სპეციალისტებისთვის, ასევე აშშ-ის მოქალაქეების მეუღლეებისა და შვილებისთვის.