დონალდ ტრამპი - დემოკრატები გადატრიალების მცდელობის გამო, 2020 წლის არჩევნებზე დაისჯებიან
დონალდ ტრამპმა მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას „გადატრიალების მცდელობა“ უწოდა.
ტრამპის თქმით, დემოკრატებმა და კერძოდ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ „ამერიკულ დემოკრატიას ომი გამოუცხადა“.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტი გამოქვეყნებულ წერილში აცხადებს, პელოსიმ „კონსტიტუციური ფიცი დაარღვია“ და მას „2020 წლის არჩევნების მოპარვა სურს“.
ტრამპის თქმით, დემოკრატები „გადატრიალების მცდელობის გამო, 2020 წლის არჩევნებზე დაისჯებიან“.
აშშ-ის პრეზიდენტის წერილი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრის წესი განსაზღვრა. ნავარაუდევია, რომ კენჭისყრა 18 ან 19 დეკემბერს შედგება.
დემოკრატები ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლაში სდებენ ბრალს. თავად პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს.