დონალდ ტრამპი დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდებს, მართლმსაჯულების წინაშე წარადგინონ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლი ევროპის მოქალაქეები
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდებს, სამშობლოში დააბრუნონ და მართლმსაჯულების წინაშე წარადგინონ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლი ევროპის მოქალაქეები, რომლებიც მათ სირიაში დააკავეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალიფატის დაცემის შემდეგ ამ მებრძოლების გათავისუფლება მოუწევთ, ისინი კი ევროპაში დაბრუნებას შეეცდებიან.
„ჩვენ ბევრს ვაკეთებთ და ბევრს ვხარჯავთ. დროა, სხვებმაც იმოქმედონ და გააკეთონ ის საქმე, რომლის კეთებაც შეუძლიათ“, – წერს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ქურთების შეიარაღებული ძალები, მათი მხარდაჭერით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მიერ კონტროლირებად ბოლო ტერიტორიაზე შეტევას ახორციელებენ. სწორედ ქურთებს ჰყავთ დაკავებული ისლამისტი მებრძოლები, რომელთა სამშობლოში დაბრუნებისკენაც დონალდ ტრამპი საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიასა და სხვა ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებს.