დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ოპრა იუნფრის არჩევნებში მარტივად დაამარცხებს
დონალდ ტრამპი ტელეწამყვანისა და მსახიობის, ოპრა უინფრის მიერ აშშ-ის პრეზიდენტად კენჭისყრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. დონალდ ტრამპს ეჭვი ეპარება, უინფრიმ 2020 წლის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დააყენოს, თუმცა თუ ასე მოხდება, ტრამპი დარწმუნებულია, რომ ტელეწამყვანს მარტივად დაამარცხებს.
თეთრ სახლში კანონმდებლებთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას ოპრა უინფრი მოსწონს.
ამერიკელი ტელეწამყვანი კვირას ლოს ანჯელესში, „ოქროს გლობუსის“ რიგით 75-ე დაჯილდოებაზე სიტყვით გამოვიდა. უინფრის სესილ ბი დემილის საპატიო ჯილდო გადაეცა. ცნობილი ტელეწამყვანის სიტყვით გამოსვლას კი დარბაზი მხურვალე ოვაციებით შეხვდა.
„მინდა, ყველა იმ გოგოს ვუთხრა, ვინც ახლა მიყურებს: ჰორიზონტზე ახალი დღე ჩანს და როცა ეს დღე, ბოლოსდაბოლოს, გათენდება, ეს იმ არაჩვეულებრივი ქალების დამსახურება იქნება, რომლებიც აქ სხედან. ასევე იმ კაცების, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ შექმნან მომავალი, სადაც აღარავინ იტყვის „მეც“, – ტელეწამყვანის ამ გამოსვლის შემდეგ, არაერთმა ამერიკულმა გამოცემამ დაწერა, რომ უინფრი 2020 წელს პრეზიდენტად კენჭისყრას განიხილავდა.