დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ჰელსინკში შეთანხმდნენ, რომ ირანელები სირიას დატოვებენ
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჰელსინკში შეთანხმდნენ, რომ ირანელები სირიას დატოვებენ. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვაშინგტონში ამბობენ, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას რუსეთი „მძიმე ამოცანად“ მიიჩნევს.
16 ივლისს გამართული სამიტის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის შედეგებზე ინფორმაცია დაწვრილებით არ გავრცელებულა.
თეთრი სახლის ცნობით, ტრამპმა და პუტინმა „სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმებასა“ და „საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული ძალების ხელშეკრულებაზე“ ისაუბრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერები შეიარაღების კონტროლის სამომავლო გზებზე ვერ შეთანხმდნენ. თეთრ სახლზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი წერს, რომ სამიტზე დონალდ ტრამპმა ყურადღება გაამახვილა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკად-2“-ზეც და პროექტი მკაცრად გააკრიტიკა. აღნიშნული მილსადენით ევროპა რუსული ბუნებრივი აირის მიღებას გეგმავს.