დონალდ ტრამპი და რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ივნისში შეხვდებიან
დონალდ ტრამპი და რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ივნისში შეხვდებიან

დონალდ ტრამპისა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანის შეხვედრა ივნისში გაიმართება. ამის შესახებ აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტები 29 მაისს, სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ.

ტრამპისა და ერდოღანის მოლაპარაკებები 28-29 ივნისს იაპონიაში დაგეგმილი დიდი ოცეულის სამიტის დროს შედგება.

როგორც როიტერსი წერს, სატელეფონო საუბარში აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ვაჭრობის გაფართოების საკითხი განიხილეს. ასევე საუბარი შეეხო თურქეთის გადაწყვეტილებას, შეიძინოს რუსული სარაკეტო სისტემა.

აშშ-სა და თურქეთს შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობა დაიძაბა და ამის მიზეზი ანკარას მიერ რუსეთთან ეს-400 (S-400) ტიპის სარაკეტო სისტემის შესყიდვის შესახებ გაფორმებული შეთანხმება გახდა.

სატელეფონო საუბრის დროს რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მზად არის საკითხზე აშშ-მა და თურქეთმა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შექმნან.

მანამდე ვაშინგტონში განაცხადეს, რომ თუ თურქეთისა და რუსეთის გარიგება შედგება, მაშინ აშშ ანკარას სანქციებს დაუწესებს.