დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს სინგაპურის კუნძულ სანტოსაზე შეხვდებიან
დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა სინგაპურის კუნძულ სანტოსაზე, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კაპელაში გაიმართება. ინფორმაცია თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა სოციალურ ქსელ Twitter-ის გვერდზე დაადასტურა.
ცოტა ხნის წინ კი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვედრასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის ისტორიული სამიტი 12 ივნისს არის ჩანიშნული, თუმცა ამ დრომდე ძალიან ბევრი დეტალი ჯერ კიდევ დაუზუსტებელია.
სამიტის გამართვის შემთხვევაში, ეს იქნება აშშ-ის მოქმედ პირველ პირსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შორის პირველი შეხვედრა.
სანტოსა სინგაპურის 63 კუნძულიდან ერთ-ერთია. 500 ჰექტარზე გადაჭიმული ტურისტული კუნძული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებითა და გოლფ კლუბებით არის მდიდარი.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია