ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული განიარაღება უკვე დაიწყო,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩრდილოეთ კორეაში რაკეტების გაშვება შეწყვიტეს. მათ შორის არის ბალისტიკური. ისინი სარაკეტო ძრავებისთვის განკუთვნილ პოლიგონს ანადგურებდნენ. გადაწყვეტილი აქვთ მისი აფეთქება. მათ უკვე გაანადგურეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიგონი. ის ქვეყნის მასშტაბით, ოთხ უდიდეს პოლიგონს შორის ერთ-ერთი იყო. ეს არის სრული დენუკლეარიზაცია, რომელიც უკვე პროცესშია“,- განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.
პირველად ისტორიაში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის მოქმედ ლიდერებს შორის შეხვედრა 12 ივნისს, სინგაპურში გაიმართა. დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული სამიტის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება უახლოეს მომავალში დაიწყებოდა.