აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ძალაში დატოვებისა და საჭიროების შემთხვევაში, განახლების მომხრეა. მისი თქმით, ფხენიანის რეჟიმი კვლავაც „ექსტრაორდინალურ საფრთხეს“ წარმოადგენს.
„მიუხედავად წარმატებული სამიტისა, ფხენიანი მაინც რჩება ექსტრაორდინალურ საფრთხედ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, ასევე საერთაშორისო პოლიტიკისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამ განცხადებას წინ უსწრებდა აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნების შეჩერება, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში იყო დაგეგმილი. პენტაგონმა და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხედრო წვრთნების შეჩერება სწორედ ფხენიანიდან მომდინარე საფრთხით განმარტეს. პენტაგონში განაცხადეს, რომ ურთიერთობების გამყარების მიზნით, დროებით, ერთობლივი სამხედრო წვრთნა სამხრეთ კორეაში არ ჩატარდება.
„ჩვენ დროებით უნდა შევაჩეროთ „ომობანას თამაში“ – ერთობლივი წვრთნები, რაშიც უზარმაზარი თანხა იხარჯება“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ტოტალიტარული რეჟიმის ლიდერს შორის შეხვედრა 12 ივნისს სინგაპურში შედგა. ისტორიული აუდიენციის მთავარი თემა ბირთვული განიარაღება იყო. ტრამპმა აღნიშნული შეხვედრა დადებითად შეაფასა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული განიარაღება უკვე დაიწყო.