დონალდ ტრამპი - ჩინეთმა ან ვერ შეაჩერა ვირუსი, ან მის გავრცელებას ხელი არ შეუშალა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ჩინეთმა ან ვერ შეაჩერა კორონავირუსი, ან მის გავრცელებას ხელი არ შეუშალა. ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ გააკეთა.
„კორონავირუსი ჩვენთან ჩინეთიდან მოვიდა და ეს მიუღებელია. ახლა ვიკვლევთ, როგორ მოხდა ეს. ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხი. არსებობს რამდენიმე ვერსია და სწორედ ეს პასუხი განსაზღვრავს, ჩემს დამოკიდებულებას ჩინეთისადმი“ – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ეპიდემიის გავრცელების გამო ჩინეთის პროდუქციაზე ახალი ტარიფები დაწესდეს.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, „მას ნანახი აქვს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ჩინეთში მდებარე ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა“.
ტრამპმა პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ჩინეთს არ სურს, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტად ხელახლა აირჩიონ.
„ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ მილიარდობით დოლარს ვიღებთ ჩინეთისგან, რაც პეკინს არასდროს არ გადაუხდია ჩვენთვის. ჩინეთს 10 ცენტიც კი არ გადაუხდია. ჩინეთის მიმართულებას ჯო ბაიდენი ხელმძღვანელობდა და ისინი რვა წლის განმავლობაში ძარცვავდნენ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ტრამპმა.
მანამდე, „სიენენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს.