დონალდ ტრამპი - ჩინეთი, რუსეთი და ირანი მიმართავენ აგრესიას და პროვოკაციებს, რასაც ვერასდროს გაბედავდნენ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არიზონაში გამართულ აქციაზე ათასობით მხარდამჭერის წინაშე სიტყვით გამოვიდა. მომხრეებისადმი მიმართვისას, ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან გაიმარჯვა.
ყოფილმა პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა თავის შემცვლელი, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კოვიდპანდემიის მართვის, ასევე მისი ეკონომიკური, მიგრაციული და საგარეო პოლიტიკის გამო.
„ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ჯო ბაიდენი არც ისეთი კარგი იქნებოდა, თუმცა ძალიან ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ის ამ ქვეყნისთვის ასეთი კატასტროფა იქნებოდა. რა გააკეთეს მათ, ინფლაცია ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდ ნიშნულზეა, გაზის ფასი 50%-ით გაიზარდა. მაღაზიებში სურსათის თაროები ცარიელია. ბაიდენმა დაამცირა ჩვენი ქვეყანა მსოფლიო არენაზე. პუტინი არა მხოლოდ ემუქრება უკრაინას, არ ვიცი, წაიკითხეთ თუ არა, არამედ ახლა ის იმუქრება კუბასა და ვენესუელაში შესვლით. ეს არის პატივისცემის არარსებობა, ჩვენ ეს პრობლემა არასდროს გვქონია, ასე არაა? პუტინთან და უკრაინასთან პრობლემა არ გვქონია. პრეზიდენტ სი ძინპინთან და ტაივანთან პრობლემა არ გვქონია. ჩინეთი, რუსეთი და ირანი მიმართავენ აგრესიას და პროვოკაციებს, რასაც ვერასდროს გაბედავდნენ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე ავღანეთის მოვლენების გამო გააკრიტიკა.
„როდესაც პრეზიდენტი სი ძინპინი გვიყურებს და ხედავს, რა მოხდა ავღანეთში, მათ ჩვენი აღარ ეშინიათ. მათ ჩვენს მიმართ პატივისცემა აღარ გააჩნიათ. მათ ხელში ჩაიგდეს ახალი, ლამაზი აღჭურვილობა, როდესაც ჩავბარდით იქ. ეს იყო კაპიტულაცია“, -აღნიშნა ტრამპმა.