დონალდ ტრამპი - ჩემ წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეთა ნაწილზე აპელაცია მოვიგე, დანარჩენსაც მოვიგებ, ეს საქმეები წარმოადგენს მართლმსაჯულების იარაღად გამოყენების მაგალითებს
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის თქმით, ყველა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ არის აღძრული, პოლიტიკურადაა მოტივირებული. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.
„ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები მათ აღძრეს და მე მათ ნაწილზე აპელაცია მოვიგე, დანარჩენსაც მოვიგებ. ნახეთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. ასე რომ, მე ვიგებ მათ უმეტესობას. ეს საქმეები წარმოადგენს მართლმსაჯულების იარაღად გამოყენების მაგალითებს. ასეთი რამ აშშ-ში არასდროს მომხდარა. მათ იარაღად აქციეს იუსტიციის დეპარტამენტი. შემდეგ გამოდიან და ჩემზე ამბობენ, ტრამპი კრიმინალიაო. არადა, მათ დაიწყეს ჩემი დევნა. სხვათა შორის, ჯო ბაიდენი დამნაშავედ ცნეს საიდუმლო დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო შენახვის საქმეზე. და რა მოხდა ჩემს საქმეზე? ის უბრალოდ მოისროლეს ნაგავსაყრელზე. ეს ყველაფერი არის მართლმსაჯულების იარაღად გამოყენება და ისინი ასე ცდილობენ არჩევნებში გამარჯვებას. ეს ყალბი საქმეებია“, – განაცხადა ტრამპმა.
საპასუხოდ კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც დაადგინა, რომ პრეზიდენტს თავისი ვადის განმავლობაში ჩადენილ ქმედებებზე სრული იმუნიტეტი აქვს, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება კიდევ უფრო სახიფათოა.
„უზენაესმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოიტანა ვერდიქტი, რომ ყოფილ პრეზიდენტს ექნება იმუნიტეტი ნებისმიერ გადაცდომასთან დაკავშირებით, თუ ის თეთრ სახლში ხელახლა შევა. ჩვენ გვაქვს საუბარი ადამიანზე, რომელმაც თქვა, რომ შეაჩერებს აშშ-ის კონსტიტუციის მოქმედებას, იარაღად გამოიყენებს იუსტიციის დეპარტამენტს თავისი პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ღიად გამოხატა ზიზღი ჩვენი სამხედროებისადმი. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ტრამპი დაბრუნდება თეთრ სახლში დამცავი მექანიზმების, მუხრუჭების გარეშე. ახლა ვიცით, რომ სასამართლო მას არ შეაჩერებს. არც მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯი დი ვენსი შეაჩერებს. ის ამერიკელმა ხალხმა უნდა შეაჩეროს“, – განაცხადა ჰარისმა.