დონალდ ტრამპი - ჩემს მხარდამჭერ პატრიოტებს მომავალში ხმა აუცილებლად ექნებათ
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ გვერდზე მომხრეებს მიმართა და განაცხადა, რომ მის მხარდამჭერებს „უპატივცემულოდ ან უსამართლოდ არ მოექცევიან“.
„75 მილიონ დიად ამერიკელ პატრიოტს, რომელმაც ხმა მომცა, ხმა მისცა პოლიტიკას „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, ლოზუნგს „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“, ექნება უზარმაზარი ხმა მომავალში. მათ უპატივცემულოდ ან უსამართლოდ არც ერთი ფორმით არ მოექცევიან“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით ტრამპმა არჩევნებში არა 75 მილიონი, არამედ 74,2 მილიონი ხმა მიიღო.
ეს აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ჩანაწერია „ტვიტერის“ გვერდზე მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელმა მას ბლოკი მოხსნა.
„ტვიტერში“ განაცხადეს, რომ პრეზიდენტის გვერდი კვლავ აქტიური იქნება, თუმცა ტრამპი კვლავ თუ დაარღვევს სოციალური ქსელის წესებს, მაშინ მის გვერდს სამუდამოდ წაშლიან.