დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს, „ბრექსითის“ პირობებზე უფრო მტკიცე პოზიცია დაიკავოს
დონალდ ტრამპი მოუწოდებს დიდ ბრიტანეთს, „ბრექსითის“ პირობებზე უფრო მტკიცე პოზიცია დაიკავოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დავოსოს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ჩაწერილ ინტერვიუში საუბრობს, რომლის ჩვენებაც ტელევიზიით დღეს იგეგმება.
ჟურნალისტის კითხვაზე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერი ტერეზა მეი ევროკავშირთან მოლაპარაკებების დროს სწორ პოზიციას იკავებს თუ არა, ტრამპი პასუხობს, რომ მის ადგილზე სხვაგვარად მოიქცეოდა.
„თუ მეკითხებით მოლაპარაკებებს ტერეზა მეის მსგავსად ვაწარმოებდი თუ არა, პასუხია – არა. მე სხვაგვარად მოვიქცეოდი. ვიტყოდი, რომ ევროკავშირი ჯერ ბოლომდე არ წამოვიდა იმ დათმობებზე, რომელზეც მისი წამოყვანა შეიძლება. ამიტომ, მე უფრო მტკიცე პოზიციას დავიჭერდი“, – აცხადებს ტრამპი.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ დავოსში გამართული შეხვედრის დროს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში მიიწვია. ტრამპის თქმით, ის გაერთიანებულ სამეფოს 2018 წელს ორჯერ ეწვევა. ერთ-ერთი იქნება სახელმწიფო ვიზიტი, რა დროსაც ტრამპი დედოფალ ელისაბედ მეორეს შეხვდება.
ამავე ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ პრინც ჰარის ქორწილში ის არ დაუპატიჟებიათ.