დონალდ ტრამპა ჯოხარ ცარნაევს, რომელიც ბოსტონის მარათონის დროს აფეთქებაშია ბრალდებული, ცხოველი უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოხარ ცარნაევს, რომელიც ბოსტონის მარათონის დროს აფეთქებაშია ბრალდებული, ცხოველი უწოდა.
დონალდ ტრამპმა აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და თქვა, რომ სიკვდილით დასჯის განაჩენის შეცვლა სასაცილოა.
„ბოსტონში, მარათონის დროს, ამ ცხოველმა ბევრი ადამიანი მოკლა. სააპელაციო სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენი ქვედა ინსტანციაში დააბრუნა. ასე რომ, ისინი ამაზე დიდი ხნის განმავლობაში იკამათებენ. ეს სასაცილოა,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი სიკვდილით დასჯის განაჩენს პოლიციის ოფიცრების და ბავშვების მკვლელების შემთხვევაშიც კი ეწინააღმდეგება.
შეგახსენებთ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ ჯოხარ ცარნაევის სიკვდილით დასჯის განაჩენი გააუქმა.
როგორც „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, სამი მოსამართლისგან შემდგარმა პანელმა დაადგინა, რომ ჯოხარ ცარნაევმა დარჩენილი სიცოცხლე საპატიმროში უნდა გაატაროს.
ძმებმა ცარნაევებმა ტერორისტული თავდასხმა 2013 წელს მოაწყვეს, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, 260-ზე მეტი კი, დაშავდა.