დონალდ ტრამპი - ბირთვული დოქტრინა აშშ-სა და მოკავშირე ქვეყნების უსაფრთხოების გარანტია
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ბირთვულ დოქტრინას გლობალური უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხის აღკვეთის მიზნით შემუშავებულ დოკუმენტად აფასებს.
თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პრეზიდენტის განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული დოქტრინა დედამიწაზე არსებული ყველაზე საშიში იარაღის გაუვრცელებლობის გრძელვადიანი გეგმაა.
„ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატების მცდელობის მიუხედავად, შეეზღუდა ბირთული იარაღი მსოფლიოში, ბირთული არსენალის მფლობელი სახელმწიფოები მაინც ახერხებდნენ გაეზარდათ აღნიშნული იარაღის როლი მათი თავდაცვის სტრატეგიაში. ეს სახელმწიფოები მთელი ამ ხნის განმავლობაში აფართოებდნენ თავიანთ ბირთვულ მარაგსა და არსენალს, რაც სხვა სახელმწიფოებს საფრთხეს უქმნის. ამავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატების წინა მთავრობები თავს იკავებდნენ მოეხდინათ ჩვენი ბირთვული არსენალის მოდერნიზება და ახალი სისტემებით აღჭურვა“, – წერია განცხადებაში.
დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ 2018 წლის ბირთვულ დოქტრინაში ასახულია ბირთვული იარაღის როლი სახელმწიფო უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც თავისთავად 21-ე საუკუნეში არსებული გამოწვევების აღმოფხვრისკენ არის მიმართული.
„ეს დოქტრინა ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული ინფრასტრუქტურის განახლებას, კომუნიკაციის გაზრდასა და ამავდროულად, კონტროლს ემსახურება. იგი თავისთავად ამცირებს ბირთვული თავდასხმის საშიშროებას როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ასევე ჩვენს პარტნიორ და მოკავშირე სახელმწიფოებზე. რაც მთავარია, დოქტრინის ფარგლებში გათვალისწინებულია ბირთვულ არსენალზე უკეთესი კონტროლი და იარაღის გაუვრცელებლობის საკითხი. შესაბამისად, შენარჩუნდება მორატორიუმი ბირთვულ ცდებზე“, – წერია აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალურ განცხადებაში.