დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას ადმინისტრაციას ირანისთვის აშშ-ის საფინანსო სისტემაზე წვდომის უფლების მოპოვებაში ადანაშაულებს
დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას ადმინისტრაციას ირანისთვის აშშ-ის საფინანსო სისტემაზე წვდომის უფლების მოპოვებაში ადანაშაულებს. თეთრი სახლის პრეზიდენტის განცხადებით, ექს-პრეზიდენტის ადმინისტრაცია საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით ირანისთვის ქვეყნის საფინანსო სისტემაზე წვდომის მოპოვებას ცდილობდა.
„ობამას ადმინისტრაცია ირანისთვის აშშ-ის საფინანსო სისტემაზე წვდომის მოპოვებას ცდილობდა. ეს კი აბსოლუტურად უკანონოა. სწორედ ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია განრისხებული დემოკრატების ენერგია ამ კუთხით მივმართოთ. ისინი აღნიშნული საქმის გამოძიებით უნდა დაკავდნენ“,- დაწერა თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
მანამდე ობამას ადმინისტრაციის დარღვევების შესახებ სენატის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა. ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ობამას ადმინისტრაციამ გასცა საიდუმლო ნებართვა, რომელიც ირანს აშშ-ის საფინანსო სისტემაზე მოკლევადიანი წვდომის საშუალებას აძლევდა. აღნიშნული ლიცენზია ოფიციალურ თეირანს ომანის ბანკში არსებული 5,7 მილიარდი დოლარის აქტივების განაღდების საშუალებას იძლეოდა. ანგარიშის მიხედვით, გეგმა მხოლოდ მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ამერიკულმა ბანკებმა მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.