დონალდ ტრამპი - ბაიდენის მიღწევაა სისუსტის, არაკომპეტენტურობის, კორუფციისა და წარუმატებლობის უწყვეტი ხაზი
დემოკრატებმა მთავრობა იარაღად აქციეს და ბაიდენი ამბობს, რომ დემოკრატიისთვის საფრთხეს მე წარმოვადგენ, – ასე უპასუხა აიოვაში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის კრიტიკას.
დონალდ ტრამპმა მოქმედი პრეზიდენტი სისუსტეში, არაკომპეტენტურობაში, კორუფციასა და წარუმატებლობაში დაადანაშაულა.
„ბაიდენის მიღწევაა სისუსტის, არაკმპეტენტურობის, კორუფციისა და წარუმატებლობის უწყვეტი ხაზი. სხვა მხრივ, ის საკმაოდ კარგად მუშაობს, არა? ეს არის ჯოჯოხეთური სია. სწორად ამიტომ თაღლითი ჯო პენსილვანიაში დგამს შიშის გაღვივების პათეტიკურ კამპანიას. ნახეთ ის? მათ მთავრობა იარაღად აქციეს და ის ამბობს, რომ დემოკრატიისთვის საფრთხეს მე წარმოვადგენ“, – განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე ბაიდენის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა.
„ამ არჩევნებზე ფსონი ამაზე მაღალი ვერ იქნებოდა თაღლითი ჯო ბაიდენის პირობებში. ჩვენი საზღვრები წაშლილია. ისინი განადგურებულია. მილიონობით ადამიანი შემოდის. ისინი მოდიან ციხეებიდან, ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან. ისინი არიან ტერორისტები. შემოდის მილიონობით ადამიანი, რომლებიც აქ არ უნდა იყვნენ“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში ქვეყანაში არეულობაა.
„თაღლითი ჯო ბაიდენის პირობებში ქვეყანაში არეულობა სუფევს. ჩვენ მთელ მსოფლიოში დასაცინი ვართ. ტრამპის ადმინისტრაციის დროს თქვენ და თქვენი ოჯახები უკეთესად იყავით, თქვენი მეზობლები უკეთესად იყვნენ და ჩვენი ქვეყანა უკეთესად იყო. ამერიკა იყო უფრო ძლიერი, უფრო მდიდარი, უფრო უსაფრთხო და უფრო მეტად თავდაჯერებული… ახლა ჩვენ ვართ დაღმავალი ერი, წარუმატებელი ერი. ჩვენ ვართ ერი, რომელმაც თავდაჯერებულობა დაკარგა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით, 2024 წლის არჩევნები არის ფინალური ბრძოლა.
„თუ ჩვენ დავმარცხდებით ამ ბრძოლაში, დავკარგავთ ქვეყანას“, – აღნიშნა მან.