დონალდ ტრამპი - ბაიდენი ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში, მან მიგვიყვანა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე, თითქმის წარმოუდგენელია, არჩევნებში მონაწილეობაზეც კი იფიქროს
ბაიდენი ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში, ბაიდენმა მიგვიყვანა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ისაუბრა ვიდეომიმართვაში, რომლითაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯო ბაიდენის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება.
ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას განცდილი მარცხი ამერიკის ისტორიას ჯერ არ ახსოვს.
„თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ამერიკის ისტორიაში ხუთი ყველაზე ცუდი პრეზიდენტი, შეკრიბოთ და ისინი არ მიაყენებდნენ იმხელა ზიანს ჩვენს ერს, რაც ჯო ბაიდენმა მიაყენა სულ რამდენიმე წელიწადში. ჯო ბაიდენის სოციალისტური ხარჯების წყალობით, ამერიკელ ოჯახებს ბოლო ნახევარი საუკუნის ყველაზე საშინელი ინფლაცია ანადგურებთ. ბანკები კოტრდებიან, ჩვენი ვალუტა იშლება და მალე დოლარი აღარ იქნება მსოფლიო სტანდარტი, რაც ჩვენთვის უდიდესი მარცხი იქნება. ბაიდენის პრეზიდენტობისას ხელფასი ყოველთვიურად მცირდება, უკვე ზედიზედ ორი წელია. ჩვენ დავკარგეთ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, ისევე როგორც დავკარგეთ ავღანეთი. ბენზინის ფასმა ახლახან ხუთი თვის მაქსიმუმს მიაღწია და კიდევ უფრო განაგრძნობს ზრდას. ჩემი ხელმძღვანელობისას ჩვენ გვქონდა ყველაზე უსაფრთხო საზღვარი აშშ-ის ისტორიაში. ბაიდენის დროს სამხრეთ საზღვარი გაუქმდა და მილიონობით არალეგალი უცხოელი შემოუშვეს ჩვენთან. ის, რაც დღეს ხდება, წარმოუდგენელია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, მისი მმართველობის შემთხვევაში, მსოფლიო რუსეთ-უკრაინის ომის თავიდან აცილებას შეძლებდა.
„რუსეთი ჩინეთთან კრავს კავშირს. ირანს ატომური ბომბის შექმნამდე რამდენიმე დღე აშორებს. უკრაინა გაანადგურა შეჭრამ, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ხოლო ჯო ბაიდენმა მიგვიყვანა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე. ისინი ამბობენ, რომ ტრამპი ყველაფერში მართალი იყო. მე არ ვწინასწარმეტყველებ მესამე მსოფლიო ომს, მაგრამ ამას ვიტყვი: ჩვენ ამასთან ძალიან ახლოს ვართ და ისინი მხოლოდ ბირთვულ იარაღზე საუბრობენ. ასეთი დამღუპველი და წარუმატებელი პრეზიდენტობის პირობებში თითქმის წარმოუდგენელია, რომ ბაიდენმა არჩევნებში მონაწილეობაზეც კი იფიქროს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ჯო ბაიდენმა რამდენიმე საათით ადრე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომლითაც ამერიკის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა.