დონალდ ტრამპი - აუცილებელია, უარი ვთქვათ ადამიანებზე, რომლებიც აპოკალიფსს პროგნოზირებენ
დონალდ ტრამპი - აუცილებელია, უარი ვთქვათ ადამიანებზე, რომლებიც აპოკალიფსს პროგნოზირებენ

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პესიმიზმის დრო დასრულდა და ამისთვის აუცილებელია, მსოფლიომ უარი თქვას იმ ადამიანებზე, რომლებიც აპოკალიფსს პროგონოზირებენ.

აღნიშნული განცხადება დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ტრამპმა ყურადღება გაამახვილა მისი პრეზიდენტობის დროს, აშშ-ის ეკონომიკის განვითარების კუთხით მიღწეულ პროგრესზე და ყველა ქვეყანას მოუწოდა, აშშ-ის მიერ დამკვიდრებული „ეკონომიკური მოდელი“ გამოიყენოს.

„ამაყი ვარ გითხრათ, რომ აშშ-ის ეკონომიკა აღმავლობას განიცდის, ეს არის აღმავლობა, რომელიც ჯერ მსოფლიოს არასდროს უნახავს. ჩვენ გამოვაღვიძეთ ამერიკული მრეწველობა. აშშ დღეს აყვავებული და გამარჯვებულია ისე, როგორც არასდროს. მხოლოდ გასულ კვირას ჩვენ გავაფორმეთ ორი განსაკუთრებული სავაჭრო შეთანხმება ჩინეთთან, მექსიკასა და კანადასთან. ეს ორი უდიდესი სავაჭრო შეთანხმებაა. ეს შეთანხმებები 21-ე საუკუნის, ახალ სავაჭრო მოდელს წარმოადგენს“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმება მისი ადმინისტრაციის ძალისხმევის გარეშე ვერ მოხერხდებოდა. ტრამპის განცხადებით, პეკინის წინააღმდეგ ტარიფების შემოღებამ, აშშ-ისთვის სასურველი შედეგი გამოიღო.

„ჩემს პრეზიდენტად არჩევამდე, ჩინეთი სავაჭრო ურთიერთობებში დომინირებდა და ამის გამოსასწორებლად არავინ არაფერს აკეთებდა. ჩემი მეთაურობით, აშშ ამ პრობლემას შეებრძოლა. შედეგად ჩინეთთან შეთანხმების პირველი ფაზით, პეკინი დათანხმდა ისეთ პიროებებს, რომელთა შესრულებაზეც მანამდე უარს ამბობდა. დღეს ჩვენი ურთიერთობები ჩინეთთან ისეთი კარგია, როგორც არასდროს. ჩინეთი 200 მილიარდ დოლარს დახარჯავს ამერიკულ სერვისებზე. ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ტარიფების იმპლემენტაციის გარეშე. ჩვენ ეს მექანიზმი გამოვიყენეთ და სხვა ქვეყნებზე ვიყენებთ“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლის დროს ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ პესიმიზმის დრო მსოფლიოში დასრულდა, ხოლო ახალი შესაძლებლობების გამოყენებისთვის აუცილებელია, მსოფლიომ უარყოს ადამიანები, რომლებიც აპოკალიფსს პროგნოზირებენ.

„ახლა პესიმიზმის დრო არ არის, ახლა ოპტიმიზმის დროა. შიში და ეჭვი აღარ არის კარგი, რადგან ახლა იმედის, სიხარულისა და ოპტიმიზმის დროა. მაგრამ ხვალინდელი დღის შესაძლებლობები რომ მივიღოთ, აუცილებელია, უარი ვთქვათ იმ ადამიანებზე, რომლებიც აპოკალიფსს პროგნოზირებენ. ისინი მუდამ ერთი და იგივეს ითხოვენ – ესაა დომინირება, ტრანსფორმაცია და ჩვენი ცხოვრების ყველა შემადგენელი ნაწილის კონტროლი. რადიკალ სოციალისტებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განადგურების საშუალებას არასდროს მივცემთ“, – განაცხადა ტრამპმა.