დონალდ ტრამპი - აშშ-ს რეალური პრეზიდენტი რომ ჰყოლოდა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი პატივს სცემდა, ის არასდროს შეიჭრებოდა უკრაინაში
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს რომ რეალური პრეზიდენტი ჰყოლოდა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პატივს სცემდა, ის არასდროს შეიჭრებოდა უკრაინაში.
„ახლა კი უამრავი ხალხია დაღუპული. იმაზე მეტი, ვიდრე საჯაროდ ცხადდება. თქვენ შეგიძლიათ, გააორმაგოთ, გაასამმაგოთ ეს რიცხვები. მას არაფერი გაუკეთებია ომის შესაჩერებლად. სინამდვილეში მან წაახალისა რუსეთი უკრაინაში შეჭრისკენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენთან დებატებისას.
როგორც ტრამპი განმარტავს, უკრაინაში შეჭრისკენ პუტინს ბაიდენის ავღანეთთან დაკავშირებით ქმედებამ უბიძგა, სადაც „ბაიდენმა სრული არაკომპეტენტურობა გამოავლინა და ძალიან არასწორად მოიქცა ავღანეთთან დაკავშირებით“.
„პუტინი არასდროს შეიჭრებოდა. ისევე როგორც ისრაელში არასდროს შეიჭრებოდა „ჰამასი“. იცით, რატომ? რადგან ირანი ჩემ დროს გაკოტრებული იყო. არავის მივცემდი მათთან ბიზნესის წარმოების საშუალებას. მათ თანხა აღარ ჰქონდათ არც „ჰამასისთვის“ და არაფრისთვის. სწორედ ამიტომ, ჩემი ადმინისტრაციის დროს ტერორი არ ყოფილა. მთელი მსოფლიო ფეთქდება მის პირობებში“, – განაცხადა ტრამპმა.
წამყვანის კითხვაზე, მისაღებია თუ არა მისთვის პუტინის პირობები უკრაინის ტერიტორიების შენარჩუნებასთან დაკავშირებით, ტრამპი პასუხობს:
„არა, ისინი მიუღებელია. ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო, ჩვენ რომ ლიდერი გვყოლოდა ამ ომში. მან 200 მილიარდი დოლარი მისცა უკრაინას. ეს ძალიან დიდი თანხაა. მსგავსი არაფერი ყოფილა. ყოველ ჯერზე, როდესაც ზელენსკი ამ ქვეყანაში ჩამოდის, ის უკან 60 მილიარდი დოლარით ბრუნდება. ყველა დროის საუკეთესო მაგარი გაყიდვების აგენტია. მას არ ვერჩი, მხოლოდ იმას ვამბობ, რომ თანხა რომელიც ჩვენ ამ ომზე დავხარჯეთ, არ უნდა დაგვეხარჯა. Ეს არასდროს უნდა მომხდარიყო. მე ამ ომს მოგვაგვარებ პუტინსა და ზელენსკის შორის, როგორც კი არჩეული პრეზიდენტის რანგში 20 იანვრამდე პოსტს დავიკავებ. მოვაგვარებ ამ ომს. ხალხი იხოცება ისე უაზროდ და სულელურად“, – განაცხადა ტრამპმა.