დონალდ ტრამპი - აშშ-ს ავღანეთში სამხედრო მოსამსახურეების რიცხვის 8 600-მდე შემცირება სურს
აშშ-ს ავღანეთში სამხედრო მოსამსახურეების რიცხვის 8600-მდე შემცირება სურს. ამის შესახებ განცხადება ინდოეთში გამართული პრესკონფერენციის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა გააკეთა.
დონალდ ტრამპის თქმით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება „ხალხს ახარებს“.
„ჩვენ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა ავღანეთში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების რიცხვი 8 600-მდე შევამციროთ. ეს ხალხს ახარებს“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, აშშ-ს მოძრაობა „თალიბანთან“ შეთანხმების გაფორმების იმედი თებერვლის ბოლოსთვის აქვს.
ამასთან, ტრამპმა თქვა, რომ ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის შემთხვევაში, ვაშინგტონი რეგიონში სადაზვერვო სტრუქტურებს შეინარჩუნებს, რაც აშშ-ს „რეგიონში არსებულ სიტუაციაზე დაკვირვების საშუალებას მისცემს“.
„ჩვენ ავღანეთში გამარჯვებას იოლად მივაღწევდით, თუმცა ეს მილიონობით ადამიანის სიკვდილს გამოიწვევდა, მე კი უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი არ მსურს“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, 21 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ს მოძრაობა „თალიბანთან“ შეთანხმების გაფორმება 29 თებერვალს სურს.
როგორც „ბიბისი“ წერს, ამ შეთანმების საფუძველზე ვაშინგტონს ავღანეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმება სურს.