დონალდ ტრამპი - აშშ-ი პოლონეთთან უვიზო რეჟიმის შემოღებას განიხილავს
დონალდ ტრამპი - აშშ-ი პოლონეთთან უვიზო რეჟიმის შემოღებას განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი პოლონეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების საკითხს განიხილავს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, პოლონეთი შესაძლოა, იმ ქვეყნების სიაში მოხვდეს, რომელთა მოქალაქეები შტატებში ვიზის გარეშე ჩადიან. ეს განცხადება აშშ-ის ლიდერმა პოლონელ კოლეგა ანჟეი დუდასთან შეხვედრისას გააკეთა.

ტრამპის თქმით, უვიზო რეჟიმის შემოსაღებად, ყველაზე მნიშვნელოვანი პოლონეთის უსაფრთხოებაა.

აშშ-ის უვიზოდ მოგზაურობის პროგრამაში პოლონეთის დამატების შემთხვევაში, პოლონეთის მოქალაქეებს აშშ-ის ტურისტული და საქმიანი ვიზიტით ჩასვლისას, ვიზა არ დასჭირდებათ.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ი ასევე განიხილავს პოლონეთში ამერიკელი სამხედროების დისლოცირების საკითხსაც. ამ თხოვნით ვარშავამ ვაშინგტონს თავად მიმართა. ანჟეი დუდას შტატებში ჩასვლისას, ვაშინგტონმა და ვარშავამ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ხელშეკრულება ითვალისწინებს პოლონეთისა და აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობას უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ინვესტიციების სფეროში.