დონალდ ტრამპი - აშშ პოლონეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას აპირებს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონი პოლონეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს. ამის შესახებ განცხადება ტრამპმა პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება სავარაუდოდ მომდევნო 90 დღეში იქნება მიღებული.
ვაშინგტონში ვიზიტისას დონალდ ტრამპმა და ანჯეი დუდამ აშშ-ის და პოლონეთის სამხედრო თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. როგორც ტრამპმა განაცხადა, აშშ პოლონეთში 1000-დან 2000-მდე სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას აპირებს. ამერიკელი ჯარისკაცები პოლონეთში გერმანიიდან ჩავლენ.
პოლონეთში ასევე განათავსებენ ამერიკული სადაზვერვო და საბრძოლო დრონების ესკადრილიას. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პოლონეთი აშშ-ისგან უახლესი ტიპის 30 ავიაგამანადგურებელს შეიძენს.
აშშ-ის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ სექტემბერში ის პოლონეთს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება.