დონალდ ტრამპი აშშ-მექსიკის საზღვარზე, კედლის დაუსრულებელ მონაკვეთთან ჩავა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-მექსიკის საზღვარზე, კედლის დაუსრულებელ მონაკვეთთან ჩავა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ის მექსიკის საზღვარს დღეს ტეხასის გუბერნატორთან, გრეგ ებოტთან ერთად ეწვევა.
ეს დონალდ ტრამპის მიმდინარე კვირის განმავლობაში მეორე საჯარო გამოჩენა იქნება. გასულ შაბათს მან მონაწილეობა მიიღო ოჰაიოში გამართულ მიტინგში, სადაც მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიგრაციული პოლიტიკა გააკრიტიკა და თავისი დემოკრატი მეტოქე აშშ-ის საზღვრის დაცვის დემონტაჟსა და მიგრანტების ნაკადის პროვოცირებში დაადანაშაულა.
პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის არაერთი აღმასრულებელი განკარგულება გააუქმა, მათ შორის მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებული. მან შეაჩერა დონალდ ტრამპის ინიციატივით დაწყებული კედლის მშენებლობა საზღვარზე და ასევე გააუქმა პროგრამა, რომლის მიხედვითაც ათობით ათასი მიგრანტი აშშ-ის მიგრაციული სამსახურების მიერ თავშესაფრის მინიჭების განაცხადის განხილვას მექსიკაში ელოდებოდა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ბაიდენის პრეზიდენტობის თვეების განმავლობაში აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე მიგრანტების დაკავებებმა ბოლო ოცი წლის განმავლობაში უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია.