აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი „მონსტრი იყო, რომელიც აშშ-მა მოკლა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა“.
მისივე თქმით, აშშ-მა სოლეიმანის ლიკვიდაცია მის მიერ ამერიკელებზე მოწყობილი თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტა.
„თუ თქვენ ამ ადამიანის წარსულს გადახედავთ, მიხვდებით, რომ ის მონსტრი იყო. ახლა ის აღარ არის. მონსტრი მკვდარია. ეს ძალიან კარგია ბევრი ქვეყნისთვის. ის ძალიან დიდ თავდასხმას ამზადებდა, ის ძალიან ცუდ თავდასხმას გეგმავდა ჩვენთვის და სხვა ხალხისთვისაც. ჩვენ ის შევაჩერეთ“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ერთადერთი, ვისაც სოლეიმანის ლიკვიდაციის შესახებ შენიშვნა აქვთ, „პრეზიდენტობის მსურველი პოლიტიკოსები არიან“.
ტრამპის თქმით, უახლოეს დღეებში კონგრესმენები ირანელი გენერლის მიერ დაგეგმილი თავდასხმის შესახებ დამატებით ინფორმაციას მიიღებენ.
„სოლეიმანი ჰეზბოლას ლიდერთან ერთად მგზავრობდა. ისინი ბაღდადში დასასვენებლად არ მიდიოდნენ. ისინი გეგმავდნენ ცუდ საქმეს. უამრავი ადამიანი გადავარჩინეთ, როდესაც სოლეიმანის ლიკვიდაცია მოვახდინეთ“, – განაცხადა ტრამპმა.