აშშ-ის არჩევნებს კოორდინირებულად დაესხნენ თავს, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ვიდე მიმართვის დროს გააკეთა.
დონალდ ტრამპმა არჩევნების შედეგების გაყალბებაში დემოკრატიული პარტიის წევრები დაადანაშაულა.
„როგორც პრეზიდენტს მე მაკისრია ვალდებულება, დავიცვა ამ ქვეყნის კონსტიტუცია და კანონი და სწორედ ამიტომ მზად ვარ, დავიცვა ჩვენი საარჩევნო სისტემა, რომელსაც თავს ესხმიან. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩვენ გვაფრთხილებდნენ, არ გამოგვეცხადებინა გამარჯვება წინასწარ. ჩვენ რამდენჯერმე გაგვიმეორეს, რომ გამარჯვებულის გამოვლენას კვირები და შეიძლება, თვეებიც კი დასჭირდეს. ჩემს ოპონენტს უთხრეს – თავი შორს დაეჭირა არჩევნებისგან. არ ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია. „ჩვენ ეს არ გვჭირდება. ყველაფერს ვაკონტროლებთ. არჩევნები უკვე დასრულებულია“, – ამბობდნენ ისინი. დემოკრატები ისე იქცეოდნენ თითქოს უკვე იცოდნენ არჩევნების შედეგი“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, „არჩევნების შემდეგ მსოფლიომ იხილა ორგანიზებული და მართული პროცესი, რა დროსაც გამარჯვებული გამოცხადდა, როდესაც ბევრ შტატში ბიულეტენების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდებოდა.“
ტრამპის განცხადებით, საკონსტიტუციო პროცესი უნდა გაგრძელდეს და ის აპირებს არჩვენების პატიოსნება დაიცვას. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა დემოკრატიული პარტია საარჩევნო თაღლითობაში.
„ეს მხოლოდ იმ ადამიანების ხმების პატივისცემას არ ეხება, ვინც მე მომცა ხმა და ასეთი 74 მილიონი მოქალაქეა, არამედ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ამერიკელებს ჰქონდეთ ამ არჩევნებისა და ყველა მომდევნო არჩევნების რწმენა“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა 46-წუთიან ვიდეომიმართვაში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ფოსტით ხმის მიცემის პროცედურის ფარგლებში ათობით მილიონი ბიულეტენი გაყალბდა. ტრამპი ამტკიცებს, რომ დემოკრატებმა პანდემია საბაბად გამოიყენეს და ფოსტით ხმის მიცემის უფლება ბევრ შტატში განზრახ დააკანონეს. ტრამპმა განაცხადა, რომ თუ თაღლითობის შემთხვევები დადასტურდება, მაშინ დემოკრატი ჯო ბაიდენი ვერ გახდება აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ტრამპს მარცხი ამ დრომდე არ უღიარებია.
საარჩევნო კოლეგია აშშ-ის არჩევნების გამარჯვებულს 14 დეკემბერს გამოაცხადებს.