დონალდ ტრამპი - აშშ ბრაზილიის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებას აქტიურად განიხილავს
ამერიკის შეერთებული შტატები ბრაზილიის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებას აქტიურად განიხილავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, ბრაზილიელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გარდა, ვაშინგტონი ბრაზილიას სხვა ფორმალური ალიანსის წევრადაც მოიაზრებს.
იანვარში ოფისის დაკავების შემდეგ, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო პირველი საერთაშორისო ვიზიტით აშშ-ს სტუმრობს. 18 მარტს ბრაზილიის პრეზიდენტი უჩვეულო ვიზიტით აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ცენტრალურ ოფისს ეწვია.
დონალდ ტრამპის შემდეგ ჟაირ ბოლსონარო ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო, რომელმაც ვენესუელის დროებით პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს მხარდაჭერა გამოუცხადა.