დონალდ ტრამპი არიზონაში, მექსიკის საზღვართან ჩავიდა
დონალდ ტრამპი არიზონაში, მექსიკის საზღვართან ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არიზონაში, მექსიკის საზღვართან ჩავიდა.

ტრამპმა საიმიგრაციო პოლიტიკაზე ისაუბრა, რაც მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. მან ბაიდენის ადმინისტრაცია ქვეყანაში იმიგრაციული კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა.

„ვფიქრობ, ის (ბაიდენი) ალბათ ყველაზე ცუდი პრეზიდენტი იყო დიდწილად იმის გამო, რაც აქ, საზღვარზე მოხდა. მან შემოუშვა 20 მილიონზე მეტი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, მრავალი მათგანი ციხეებიდან და საპატიმროებიდან, ბევრი ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან, და ბევრი ტერორისტი… ჩვენ უნდა გავწმინდოთ ჩვენი საზღვრები და გავწმინდოთ ჩვენი არჩევნები“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის კანდიდატურის მოხსნას გადატრიალება უწოდა.

„ეს ძალიან სევდიანი დროა ჩვენი ქვეყნისთვის მრავალი კუთხით. თქვენ გყავდათ კანდიდატი. მე არ ვიყავი ჯო ბაიდენის ფანი, თუმცა ის, თუ როგორ მოხსნეს ის, იყო გადატრიალება. მან 14 მილიონი ხმა მიიღო და იმ ადამიანს, რომელიც ახლა იყრის კენჭს, არც ერთიხმა არ მიუღია. ის (კამალა ჰარისი) შეარცხვინეს, ის დემოკრატმა ამომრჩევლებმა გამორიცხეს. მას არცერთი ხმა არ მიუღია და ახლა ჩვენ წინააღმდეგ იყრის კენჭს“, – განაცხადა ტრამპმა.