ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.
„ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რატომ ჩქარობს ჯო ბაიდენი თავისი თავის გამარჯვებულად გამოცხადებას და რატომ ცდილობენ დახმარებას მისი მედიამოკავშირეები, მათ არ უნდათ სიმართლის გამჟღავნება. ფაქტია, რომ ეს არჩევნები ჯერ არ დასრულებულა“,- წერია დონალდ ტრამპის განცხადებაში.
დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ ბევრ შტატში საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა, მათ შორის პენსილვანიაშიც, სადაც ტრამპის თქმით, დამკვირვებლებს ხმის დათვლის პროცედურებზე დასწრების საშუალებას არ აძლევდნენ.
„იმას, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი წყვეტს კანონიერი ხმები, და არა ნიუსმედია“, – წერს ტრამპი
ტრამპი ასევე აცხადებს, რომ ორშაბათიდან ის და მისი კამპანია სასამართლო პროცესებს წამოიწყებენ, რათა უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის დაცვა და კანონიერი გამარჯვებულის გამოცხადება
„ამერიკელი ხალხი სამართლიან არჩევნებს იმსახურებს, ეს კი ყველა კანონიერი ხმის დათვლას და არც ერთი უკანონო ხმის არდათვლას გულისხმობს. მხოლოდ ასე შეიძლება რომ მოსახლეობას ჰქონდეს რწმენა ჩვენს არჩევნებში. გასაოცარია, რომ ბაიდენის კამპანია უარს ამბობს ამ მარტივ პრინციპს დაემორჩილოს და სურს, რომ უკანონო ხმებიც დაითვალონ. დამკვირვებლებს მხოლოდ ის პარტია არ დაუშვებდა ოთახში, რომელიც უსამართლოდ მოქმედებს. სად იმალება ბაიდენი? მე არ გავჩერდები, ვიდრე ამერიკელ ხალხს არ ექნება ის სამართლიანი შედეგები, რომლებსაც იმსახურებენ და რომელსაც დემოკრატია მოითხოვს“, – აცხადებს ტრამპი.